Georgian Herald

ბაგრატიონ გრუზინსკის სამეფო სახლი

საქართველოს ბაგრატოვანთა სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე


საქართველოს სამეფო დინასტია - “იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონები” 1300 წლისაა და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოს მონარქიულ დინასტიებს შორის. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº1)

ბაგრატიონთა სახელოვანმა გვარმა, სამეფო და თავადური განშტოებებიდან, ბევრი წმიდანი და სახელოვანი მეფე, პოლიტიკოსი, მხედართმთავარი, სასულიერო პირი, მეცნიერი და ხელოვანი აღუზარდა საქართველოს. მათი შთამომავლები, დღესაც თავიანთი წინაპრების დარად, სამშობლოს სამსახურში არიან და იღვწვიან ქვეყნის საკეთილდღეოდ. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº2)

დღეს ამ სახელოვან გვარს ასზე მეტი შთამომავალი ჰყავს (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº3) და, ბუნებრივია, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ყველა ვერ იქნება. ამ საკითხს საერთაშორისო და საქართველოს დინასტიური კანონმდებლობა არეგულირებს, რომლის მიხედვითაც: საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეა მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი.

საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის განცხადება


ღმერთმა მიწაზე მეფობა თავისი ზეციური ერთმმართველობისა დარად მოაწყო, თავისი ყოვლისმპყრობელობისდამიხედვით, მეფე თვითმპყრობელია; თავისი წარუვალი სასუფეველისა დარად მეფობა მემკვიდრეობითია”.

მას ეს მემკვიდრეობით ერგო და მისი უფლებაა, გააგრძელოს თავისი წინაპრების საქმე. იგი არის, ან არ არის და იგი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, თავისი გენეტიკური მემეკვიდრეობიდან გამომდინარე.

მონარქის არჩევა (როგორც პრეზიდენტის), შერჩევა ან გამორჩევა საერთაშორისო სამართლისა და დინასტიური კანონმდებლობის დარღვევაა!

საერთაშორისო და საქართველოს დინასტიური კანონმდებლობა სამეფო ტახტის მემკვიდრის განსაზღვრისათვის, პირველყოვლისა ითვალისწინებს იმას, თუ ვინ არის საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ისა და ასევე, ერთიანი საქართველოს დაშლის (ქართლი, კახეთი, იმერეთი) წინ მყოფი მეფე გიორგი VIII-ის შთამომავალი. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº4)

ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII თავის-თავში აერთიანებდა მამის ხაზით – აღმოსავლეთ საქართველოს დავით-ულუს შტოს და დედის ხაზით - დასავლეთ საქართველოს დავით-ნარინის შტოს, რასაც ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერთიანი საქართველოს სამეფო შტოს ლეგიტიმაციისათვის. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº5)

გიორგი VIII-ის 30-წლიანი მეფობის დროს, ოსმალეთმა მოახერხა ევროპისა და საქართველოს კოალიციის ჩაშლა და ერთიანი საქართველოს სამ - ქართლის, კახეთისა და იმერეთის პროვინციულ სამეფოებად დაყოფა. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº6)

იმერეთის სამეფო დინასტიას სათავე დაუდო გიორგი VIII-ის ბიძაშვილმა ბაგრატმა, რომელსაც შემდგომ გამოეყო უგანათლებულესი თავადები ბაგრატიონ-იმერეტინსკები, იმერეტინსკები და იმერეთის ბაგრატიონების (ღვანკითელების) თავადური შტო.

ქართლის სამეფო დინასტიას სათავე დაუდო გიორგი VIII-ის ძმისშვილმა კონსტანტინემ, რომელსაც გამოეყო ბაგრატიონ-მუხრანელთა და გოჩაშვილთა თავადური შტოები.

მეფე გიორგი VIII იძულებით კახეთში გამაგრდა. ასე დაედო კახეთის სამეფოს შტოს სათავე, რომელსაც შემდგომ გამოეყო ბაგრატიონ-დავითიშვილებისა და ბაგრატიონ-ბაბადიშების თავადური ხაზი. თუმც, ერთიანი საქართველოს ტახტის აღდგენას ცდას არ აკლებს გიორგი VIII და ამ ბრძოლას მისი პირდაპირი შთამომავლებიც აგრძელებენ, რასაც აგვირგვინებს ერეკლე II. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº7)

1790 წელს, მეფე ერეკლე II-ის დროს, დადებული იქნა “ივერიელთა ტრაქტატის” სახელით ცნობილი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ერეკლე II აღიარებულია სრულიად საქართველოს სუვერენად - “ვითარცა მამა საზოგადო მათი”, რასაც ხელს აწერენ იმერეთის მეფე სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი, რაც შემდგომ მემკვიდრეობით გადაეცა მეფე ერეკლე II-ის ძეს - საქართველოს უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº8)

1801 წელს, რუსეთის იმპერატორი ძალადობრივად აუქმებს საქართველოში მონარქიას, სამეფო ტახტის მემკვიდრეების გვარს კი, სხვა თავადი ბაგრატიონებისაგან გამოსარჩევად, დაუმატეს -“გრუზინსკი” (“საქართველოსი” - “ოფ Gეორგია”). ამიტომაც, დღემდე მხოლოდ სამეფო ოჯახი ატარებს ბაგრატიონი-გრუზინსკის გვარს. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº9)

ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად კი, წარმოგიდგენთ ტაბულას - “ბაგრატოვანთა დინასტიის სამეფო და თავადური განშტოებები” (იხ. ტაბულა).

2006 წელს “ბაგრატოვანთა სახლის” მიერ ხელმოწერილ იქნა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი არის აღიარებული. მემორანდუმი ემყარება სამართლებრივ, ისტორიულ და გენეალოგიურ საფუძვლებს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსების, ქართული გენეალოგიური საზოგადოების, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს აღიარებებს; საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში დაცულ ისტორიულ-სამართლებრივ დოკუმენტებს; სრულიად რუსეთის მონარქისტული ცენტრის, რუსეთის საიმპერატორო გვარის მოსკოვის მემორიალური მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს და პეტრე-პავლეს საიმპერატორო საზოგადოების აღიარებებს. თავად-აზნაურთა და სამეფო ხელისუფლების საერთაშორისო კომისიის (აშშ) დასკვნით, ერთიანი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად - დე-იურე მეფედ, აღიარებულია ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº10)

იმის გამო, რომ ბატონიშვილ ნუგზარს ჰყავს ქალიშვილები, ეს არ ნიშნავს ტახტის მომავალი მემკვიდრე ვაჟები ვეძებოთ ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონთა თავადურ შტოებში. საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს განიხილება, როგორც სამეფო ტახტის უზურპაციის მცდელობად და ჭეშმარიტი ტახტის მემკვიდრის უფლებების დარღვევად. ვინაიდან არა, თუ თავადური, არამედ აწ შეწყვეტილი ქართლისა და იმერეთის სამეფო ხაზებიც არ წარმოადგენდნენ ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის - გიორგი XII-ის და ერთიანი საქართველოს დაშლის წინ მყოფი მეფე გიორგი VIII-ის შთამომავლებს.

ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი ეკუთვნის მხოლოდ ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო სახლს. სადაც კანონმდებლობით ბატონიშვილი ნუგზარი გახლავთ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე და სამეფო სახლის მეთაური, რომლის უფლებაა მომავალი მემკვიდრის გამოცხადება. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº11)

დღეს ბრიტანეთს, ნიდერლანდებს, დანიას მართავს ქალი და მათი დინასტიები სწორედ ქალის ხაზით გრძელდება. დღეს რუმინეთისა და შვედეთის მეფეებმა თავიანთი ტახტის მომავალ მემკვიდრეებად ქალიშვილები გამოაცხადეს. საქართველომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გადაწყვიტა ეს საკითხი, საქართველოს ჰყავდა მეფეთ-მეფე თამარი, მეფეთ-მეფე რუსუდანი, ჰერეთის მეფე-დედოფალი დინარა I და დინარა II, კახეთის რეგენტი დედოფალი ქეთევანი, იმერეთის მეფე-დედოფალი დარეჯანი, ასე რომ სამეფო ხაზში, თუ ვაჟი არ არის, მაშინ ქალის ხაზით გრძელდება დინასტია. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº12)

ბატონიშვილი ნუგზარი მიენდო და გაგებით შეხვდა კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის წინადადებას, თავისი სამეფო ღირსება გადასცეს თავისი ქალიშვილის ხაზით შვილიშვილს, რადგან მხოლოდ სამეფო სახლის მეთაურის პრეროგატივაა ტახტის მომავალი მემკვიდრის გამოცხადება და არა გარეშე პირთა გადასაწყვეტი. (იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº13)


2010 წლის ი.ქ. ბრწყინვალე აღდგომის დღე

(იხ. დამატებითი ინფორმაცია Nº14 )


სამეფო სახლის კანცლერი

კახა ქორიძე


P.S. დანართები Nº1-დან Nº14-ის ჩათვლით თარგმნის პროცესშია და შეგეძლებათ ნახოთ სამეფო სახლის საიტზე


http://sameposaxli.jimdo.com/
http://georgianroyalhouse.jimdo.com/